შოთა ნიშნიანიძე

ცოტნე დადიანი

მეგრულ სიმღერებიდან და მეგრული მოთქმიდან
ისმის ცხენის თქარუნი და ჭიხვინიც მოდიდდა.
იქნებ ელვა ავარდა ძველლაზური აფრიდან
ანდა წმინდა გიორგი მარტვილიდან აფრინდა?
მთვარის ყაბალახიანი,
ღამის ბანდიანი
მიდის, მიიჩქარის ცოტნე დადიანი.
რახანია ეკლესიებს შესევია ჭილყვავი,
და ციხეებს აზიური სიმღერები ჭირხლავენ,
ცას უყეფენ კოცონები და კარვები მონგოლთა...
ვერ იქნება კოხტაგორა საქართველოს გოლგოთა!
- მაშ გაფრინდი, ბედაურო, გრძელფეხება, კანჭვრილო,
ოჩოკოჩის გახედნილო და ჭინკების გაწვრთნილო,
არც ქერი გაქვს, არც არაყი, არც მოთმენა, არც ძილი, -
ახრამუნე ჰორიზონტი... გადახუხე მანძილი...
ჩქარობს,
ჩქარობს,
ჩქარობს,
ავსებული ურვით,
ცოტნე დადიანის რაინდული გული...

. . .
ისევ ისმის თქარუნი
და ჭიხვინი რაშის,
ვხედავ სამეგრელოდან ამხედრებულ აჩრდილს,
მოჭენაობს,
მოგელავს
თოხარიკით...
ჩორთით...
ფაფარივით აწეწილა საუკუნის შფოთი...
ამ ყიჟინით, ამ სულით, ამ მარადი ლტოლვით
ისევ ფხიზლობს უძველესი მეომარი ტომი.
ისევ ფეთქვს, ისევ სცემს, ლეგენდებად თქმული,
პატარა საქართველოს რაინდული გული...

 

ხუტა ბერულავა



ცოტნე დადიანის ხატება

ხობის ტაძარში



აი ეს კოლხი, ესოდენ მშვიდად

რომ იმზირება ამ კედლიდანაც,

თავს მხოლოდ ერთგულ მეომრად თვლიდა

მაგრამ აქცია ერმა წმინდანად.

ვერ მიადგება ჩრდილი მტრობისა

და ვერ მიაწერს უღირსთა ცოდვებს

იმ ხალხს, რომელმაც ძნელბედობისას

ქვეყანას მისცა უკვდავი ცოტნე!

ნინო კემულარია


გვერდით მიგულეთ



სიმწვანეში ჩაფლული ხარ,

შუა გაგდის მდინარე,

შენს სინაზეს ვენაცვალე,

სახე, რომ გაქვს მცინარე.

სტუმარს ხვდები ხელგაშლილი,

მტერს კი რკინის ხაფანგით,

არ დაინდო ჩვენი მტრები,

არ დაინდო არაფრით.

სულ იყავი სანაქებო,

მოყვარული შვილების,

შენს გვერდით ვართ, ჩვენო ხობო,

შენ კი შემოგევლებით.

ოთარ სახეიხშვილი

აქ ხობის მონასტერია

აქ ხობის მონასტერია,

ქართველებივით მაგარი

მამები აქ მისვენია,

ელავს სიწმინდე თამარის.

ცამდის ასულა კოშკები

არის ღრუბელთა მკვეთელი.

ყეინო ცოტნეს მოეშვი,

გუგუნებს ყველა კედელი.

ეს ხობის მონასტერია,

ციმციმებს ძველი კანდელი,

აქ წინაპრების მტვერია,

მტვერია?

–არა ნათელი!

ტაძარო–სულის სავანევ,

ბევრჯერ გიღვრია ცრემლებიც,

შუქი ხარ ჩვენი დიდების,

დამცველი სიგელ–გუჯრების.

ეს ხობის მონასტერია,

ძველი, ძველთაგან ნაგები.

მამები აქ მისვენია,

მამების ამხანაგებიც.

© iraklisurreal

Конструктор сайтов - uCoz